არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, ევროკავშირმა სააკაშვილის საკითხი წინაპირობად დაგვიყენოს, ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე, სანქციები დაუწესოს რუსეთს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს არის „პატრიოტი“ ენჯეოელიტა, რომელიც სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა“.
„პრემიერ-მინისტრის შეხვედრებიდან ვიხილეთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები მაღალია და ახლა ვხედავთ აგონიას ოპოზიციასა და ზოგიერთ „ენჯეოში“, ასევე ბოლო მცდელობას, ჩაშალონ ქვეყნსისთვის სტატუსის მინიჭება ან რაღაც წინაპირობებით, დაამძიმონ სტატუსის მინიჭება. იმ პირობებში, როცა ევროკავშირი აღიარებს, რომ სამი რეკომენდაცია შესრულებულია, ქართული რეგისტრაციის მქონე „ენჯეოები“ სამარცხვინოდ შესრულებულად ასახელებენ ერთ რეკომენდაციას, მათ შორის სახალხო დამცველის არჩევას შეუსრულებლად ასახელებენ. რა ვქნათ, ამას ხომ აღარ ეშველება? – ანუ, მათი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ამ რეკომენდაციას ვეღარასოდეს შევასრულებთ. სამწუხაროდ, ასეთი „ენჯეოები“ გვყავს.
სოროსის ფონდის განცხადება ვნახეთ, სადაც ითქვა, რომ პირად საუბრებში ევროპელებისგან პირდაპირ ითხოვენ, კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას ხაზგასმით თქვან, რომ სტატუსს არ ანიჭებენ ხელისუფლებას, არამედ „ენჯეოებს“. ლამის ასე გამოსდით.
„გრასის“ სტატია ვიხილეთ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა, რომ წინაპირობები უნდა დაუყენონ საქართველოს – უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს რა „ენჯეოს“ საქმეა? ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავს მიაწერენ საზოგადოების ელიტად, აჩვენებს, რას აკეთებენ. ითხოვენ, ევროკავშირმა სააკაშვილის საკითხი წინაპირობად დაგვიყენოს და ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე, სანქციები დაუწესოს რუსეთს. ეს არის „პატრიოტი“ ენჯეოელიტა, რომელიც, სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.