საგამოძიებო სამსახურმა ყვარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა

04 ოქტომბერი 2023, 15:16 610 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყვარლის რაიონში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ქუთათელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, დაკავებულმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ერთმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 04 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. მათ შორის ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი.

ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.

განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი