ევროკომისიის ანგარიშმაც აჩვენა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში - შალვა პაპუაშვილი

28 სექტემბერი 2023, 17:41 550 ნახვა

ევროკომისიის ანგარიშმაც აჩვენა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში. ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ლიდერი დაიჩაგრა და მნიშვნელოვანია, რომ წელს ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში ევროკავშირში ინტეგრაცია იქცა იარაღად რადიკალური ოპოზიციის ხელში.

"სწორედ, ის არის ყველაზე სამწუხარო შედეგი, რომ ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობის, სოლიდარობისა და თანადგომის პროექტი, ქართულ რეალობაში ევროკავშირში ინტეგრაცია იქცა იარაღად რადიკალური ოპოზიციის ხელში. ევროკავშირმა განსაკუთრებული სერიოზულობით სწორედ ამას უნდა შეხედოს. ამ წელიწად ნახევარმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებისას საქართველო ობიექტურად ლიდერია. ამას ადასტურებს არა მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგები, სადაც საქართველო სტაბილურად უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, ეს იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგები, სამართლის უზენაესობა, ეკონომიკური თავისუფლება თუ სხვა რეიტინგები. თავად ევროკომისიის ანგარიშმაც აჩვენა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. სწორედ ის არის მთავარი, რაც ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ლიდერი შარშან დაიჩაგრა და მნიშვნელოვანია, რომ წელს ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა და შრომა. ის ინსტიტუციები სწორედ ქართველმა ხალხმა ააშენა, რომელიც ასე შექებულია სხვადასხვა რეიტინგებსა და შეფასებებში. ეს დასაფასებელია ევროკავშირის მიერ,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ევროკავშირზე პოზიტიური წარმოდგენა აქვს, 11%-ით შემცირდა. მისივე თქმით, ეს ზუსტად ასახავს იმედგაცრუებას, რაც საზოგადოებაში გამოიწვია შარშანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ.

"შეხვედრები გვქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იტალიის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან. რა თქმა უნდა, საკითხები ეხებოდა უსაფრთხოების მიმართულებებს და ამ საკითხზე მსჯელობა განსაკუთრებით ეუთო-სთან იყო. ასევე მსჯელობის საგანი იყო მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც ეუთო-ს ტრადიციულად სადამკვირვებლო მისია ეყოლება. მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აპირებს, ნოემბერში საქართველოში ჩამოვიდეს. შესაბამისად, საერთო საკითხები ამ ვიზიტის დროსაც იქნება განხილული.

ესტონეთისა და იტალიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან საუბარი იყო ჩვენს წინსვლაზე 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა და ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ევროკავშირის მხარესაა. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებას შეხედოს, როგორც გზავნილს ქართველი ხალხის მიმართ და გზავნილს რუსეთის მიმართ. სწორედ ამ პასუხისმგებლობით უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ჩვენ, როგორც იტალიის, ასევე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა დაგვიდასტურეს მათი მხარდაჭერა საქართველოს წინსვლის მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მათ ასევე დაგვიდასტურეს, რომ მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ სწორედ იმაზე გვქონდა საუბარი, რომ შარშანდელმა გადაწყვეტილებამ ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოიწვია. სხვათა შორის, ეს აისახა კიდევაც კვლევებში.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარდა და რომელიც უკავშირდებოდა ევროკავშირის ცნობადობას. ამ კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში იმის ფონზე, რომ ერთ-ერთი მაღალი მხარდაჭერაა ევროკავშირში გაწევრიანების - 85 პროცენტზე მეტი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ევროკავშირზე პოზიტიური წარმოდგენა აქვთ 11 პროცენტით შემცირდა. ეს ზუსტად ასახავს იმ იმედგაცრუებას, რაც ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია შარშანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ. სხვათა შორის, ეს კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს ის მოსახლეობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი, 35 პროცენტია და ეს ასევე აჩვენებს იმედგაცრუებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება იმ პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს, რომ ეს არის გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ და ამით ნახავს ქართველი ხალხი მათ შორის იმას, რამდენად აფასებს ევროკავშირი ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპაში დაბრუნებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი