პრეზიდენტს ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს - პრემიერი

28 სექტემბერი 2023, 15:09 578 ნახვა

ვფიქრობ, ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელი ვოიაჟი და ვიზიტები ევროპაში მეტად სამწუხარო ფაქტია, არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე, უფრო მეტიც, პირიქით, მე მას მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს  შემიზღუდავს მისი გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მძიმე განაცხადებები გააკეთა, ვერ მისცემდა პრეზიდენტს მანდატს,  სხვა ქვეყანაში წარედგინა საქართველო.

„შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება არ ასრულებს  ვალდებულებებს, 12 რეკომენდაციას. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. მას აქვს რაღაც ბუნდოვანი განცხადებები გაკეთებული, თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი, ამ დროს, ყველაფერი ნათელი და ცხადია. ამის შემდეგ, ის მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, ისიც დაიკარგა და მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში, რა უნდა ილაპარაკოს, კაცმა არ იცის. ჩვენ ნდობა არ გვაქვს. არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი იქნებოდა და მიუღებელი. ამით დასაბუთდა ჩვენ უარი, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი ქმედება არის საბოტაჟი, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი და წინააღმდეგობაში მოსვლა ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, პრემიერის განცხადებით, ეს ფორმალური პროცედურაა, რომელიც ხელისუფლების ვალდებულება იყო.

"პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე ან რაღაცის გაფუჭებაზე, მითუმეტეს კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება ვალდებულებაა. ვალდებული და იძულებული ვიყავით, მოგვეხდინა ფორმალური რეაგირება. ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

იმპიჩმენტზე ვთქვით, რომ ეს ფორმალური პროცედურაა, საკმარისი ხმები არ გვაქვს, მაგრამ ადამიანის მიმართ ნდობა დაკარგული გვაქვს. მისი ქმედებები გაუგებარია. ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯაროდ კრიტიკისგან, მიუხედავად მის მიერ საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება იმას, რამდენადაა იმპიჩმენტის პროცედურა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან კავშირში პრემიერი ამბობს, რომ ეს კავშირი არ არსებობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში