საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 50 000 ლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციის, მომსახურების ხარისხის წესების დარღვევა.
„მიმდინარე წლის 5 მაისს, სემეკში შევიდა მოქალაქის განცხადება, რომელიც შეეხებოდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ სართიჭალაში აბონენტებისთვის გაზმომარაგების გაუფრთხილებლად შეწყვეტას. სემეკის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „კომერციული მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სემეკის ადმინისტრირებით შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში გეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად დარღვევებით დააფიქსირა და არ შეასრულა გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულება.
შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში დაჯარიმდება დაკისრებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით“, - აცხადებენ სემეკში.