საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას რუმინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიზიტი დატვირთული იყო შეხვედრებით, როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის დონეზე.
„ეს ორი დღე სრულად შევსებული იყო შეხვედრებით, როგორც პარლამენტის დონეზე, ისე მთავრობაში. ყველგან მთავარი თემა იყო, როგორც საქართველოს ევროინტეგრაცია, ისე ორმხრივი ურთიერთობები, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმა მიიღო. სტრატეგიული პარტნირობა თავისი შინაარსით ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა. ხაზგასმულია ორი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ევროკავშირის როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების საკითხში. რუმინელი კოლეგებისგან ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგიული ურთიერთობა უფრო მეტად და მეტად შევავსოთ შინაარსით, ეს იქნება საპარლამენტო დონე, თუ სხვა განზომილებები. საპარლამენტო დონეზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.