საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაური “ტვიტერზე” წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა.
ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ქსავიე ბეტელთან შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო რეკომენდაციების შესრულების პროცესში თანამშრომლობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან. მისი თქმით, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ასევე ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს, ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია. შეხვედრა გაიმართა ასევე მალტის პრემიერ-მინისტრთან. განიხილეს როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმეს. ნიუ-იორკში კიდევ ერთი შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრთან შედგა.
მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზიტორთა ელექტრონული ვიზის მინიჭების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელექტრონული ვიზა ორ ქვეყანას შორის ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიის, უძრავი ქონების, ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით.