ნოემბრის ბოლოსთვის რჩებოდა ეროვნული ბანკის საბჭოში მხოლოდ სამი, ან 4 წევრი. პირდაპირ იკვეთება ინტერესი, რომ განხორციელებულიყო ამ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი, რაშიც სამწუხაროდ, პირდაპირ იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილი იმ ალიანსიდან გამომდინარე, რაც აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ეს საკითხი არის ამოწურული, გამომდინარე იქიდან, რომ მინიმუმ 5 წევრი ნოემბრის ბოლოსთვის ეროვნული ბანკის საბჭოში დარჩება.
„ეროვნულ ბანკს შეუძლია ძალიან ბერი რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც იგივე ლარის კურსთან დაკავშირებით. გახსოვთ რა ხდებოდა, როდესაც გიორგი ქადაგიძე იყო პრეზიდენტი. პირდაპირ საბოტაჟი წარმოებდა ბანკში. იყო სერიოზული რისკები ამ ადამიანებთან დაკავშირებით, თუ რომელიმე შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. დღეს უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოფილია ის, რომ ეს ორგანო იფუნქციონირებს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებს პრეზიდენტთან და სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით.
„კომიტეტმა გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, თუმცა შემდეგ შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. რეალურად შევიკრიბეთ კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე წევრის არჩევაზე. მინდა განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. პრინციპში განმარტება გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითონ შემოგვთავაზეს. გახსოვთ, ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და ჯერ მოუწოდებდნენ პრეზიდენტს გაეწვია კანდიდატები, რისი უფლებაც მას აღარ ჰქონდა, თორემ ალბათ გაიწვევდა. შემდეგ, დილას კომიტეტზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მოვიდა და გამოხატა ზოგადი პოზიცია, რომ უმჯობესი იყო მოგვიანებით განხილულიყო ეს საკითხი. აქედან გამოჩნდა, რომ ვიღაცის ინტერესებში და ვიღაცაში ვისაც ვგულისხმობ ხვდებით თავადაც - რადიკალური ოპოზიცია თავისი სალომე ზურაბიშვილით, მათ ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ, კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბოტაჟი.
მათი მიზანი რა არის, რომ წლის ბოლოსთვის რჩებოდა საბჭოში მხოლოდ სამი წევრი, ნოემბრის ბოლოსთვის უკვე და ასეთ დროს ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელებდა ეფექტურ საქმიანობას. როდესაც ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, აქედან ჩანს რა არის მათი მიზანი. პირდაპირ ცდილობენ, რომ ყველა და ყველაფერი გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ პრეზიდენტთან ამ კანდიდატებს და სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს როდესაც საკუთარ წარმოდგენილ კანდიდატებზე ამბობ უარს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეროვნული ბანკი გამხდარიყო არაქმედითუნარიანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, ეროვნულმა ბანკმაც და იუსტიციის სამინისტრომაც იმოქმედეს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.