სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს

20 სექტემბერი 2023, 17:12 615 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

"საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი და ეკონომიკის მდგრადობის ქვაკუთხედია, ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი კი, რომელსაც ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობაა. ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ამდენად, მე პირადად, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, მივიჩნევ, რომ ჩემი მოვალეობაა სწორედ, რომ დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა.

სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მოუღებელი იყო, თუ ერთ დონეზე მიუღებელი ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ამდაგვარ მუქარას ეროვნული ბანკის მიმართ და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირსი საქციელია.

ეს იყო ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილება. საბჭოს ყველა წევრის, ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით, არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც მათი წინასწარ გაფრთხილება, ინფორმირება მომხდარა. ამას ადასტურებს დღევანდელი გადადგომების მთელი რიგი. უკვე გადადგა სამი ვიცე-პრეზიდენტი და ერთი პრეზიდენტის მრჩეველი. ამ მოვლენების შედეგად, გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებული იქნა სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ და სწორედ იმათმა მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა, ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. როგორც ვხედავთ, ამან თავისი გავლენა იქონია ასევე საზოგადოების განწყობებზე.

მინდა, სწორედ მივმართო საზოგადოებას, ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამას არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად არსებობს გამოსავალი, რიგი ნაბიჯების, რაც უნდა იყოს გადადგმული ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად.

პირადად ჩემ მიერ წარდგენილ კანდიდატს, ქალბატონ ნათია თურნავას, და მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამისთვის, მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს, რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს გადადგეს.

ასევე, დროა, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია, აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს იქნება პირველი ამ საბჭოს რეალური ქმედება, იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ეს შესაძლებელია, მიუხედავად სწორედ იმ სამი პირის, სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომისა, რადგან მათ გააჩნიათ კიდევ ორი თვის მანძილზე ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. ანუ, გადადგომის ვადა არის ორი თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია, მიიღოს ყველანაირი გადაწყვეტილება. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას, ასევე, საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი. ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობა, საერთაშორისო რეპუტაცია ამ დარგში. არავის აქვს უფლება,  ვიწრო ინტერესების გამო, პერსონალური, თუ არაპერსონალური, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების გამო, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები. ამავე დროს, მინდა, მივესალმო კერძო სექტორის, საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს ჭირდება ამ ქვეყანას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი