რადიკალურ ოპოზიციას სურს, არ მივიღოთ სტატუსი, რათა შემდეგ სცადონ ქვეყანაში ვითარების არევა - ირაკლი კობახიძე

19 სექტემბერი 2023, 14:42 456 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამაზე მიუთითებს მათი მოქმედებები.

„ერთადერთი, რაც უნდა რადიკალურ ოპოზიციას, არის, როგორმე ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ ამასთან დაკავშირებით გუშინდელი წამოცდენებიც. მათ აქვთ ერთადერთი თვითმიზანი, რომ ქვეყანამ დეკემბერში არ მიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ დეკემბერში, ან მანამდე ოქტომბრიდან სცადონ რაღაცნაირად ქვეყანაში ვითარების არევა. გამორიცხულია, მათ ეს მოახერხონ, მაგრამ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.

 

ეს პატარა ნაბიჯებიც არის ამის ნიშანი, არ შემოდიან ჯგუფებში, არ ერთვებიან პროცესებში, რადგან მაშინ საკუთარი დადებითი წვლილი უნდა შეიტანონ კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ამას მაქსიმალურად გაურბიან, რადგან არ უნდათ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ყველა ნაბიჯი ამის ნიშანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს.

"ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სისუსტე არაფრის გარანტი არ არის. პირიქით, რისკები ასეთ დროს შეიძლება გაიზარდოს. ამაში მთლიანად ვეთანხმები „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

„საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ფორმა, შინაარსი, რომლებიც გაიშალა სუს-ის ბრიფინგში, არის უკიდურესად შემაშფოთებელი. იქ საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა საქმე - აფეთქება, იარაღის გამოყენება და ა.შ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ ასეთი პროვოკაციები და ასეთი სცენარი იყოს თავიდან აცილებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი