ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ფეესბეს“ აგენტი, მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით - სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2023, 19:30 506 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

როგორც მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებას დეტალური პასუხები უნდა გაეცეს.

პრეზიდენტი „ყველაზე დიდ უბედურებას“ უწოდებს იმას, რომ ქვეყნის „გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა.

„მგონი, ბატონმა კახამ (კალაძე) თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ევროპაში ვიზიტებია, არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ფეესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში, რომელიც ამას უნდა იძიებდეს დღეს და პასუხისმგებლობა მათზეა. მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიოებით, ეს არის არა თხოვნა, არამედ  მოთხოვნა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირი ინფორმაცია და მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ არ შესულა.

„რაღაც მოქალაქეობაზე იყო აქცენტები. ჩვენთან არ მოსულა არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ,  არც არანაირი მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. აქ ისრების გადატანა არ გამოვა. ნათელია, სად არის პასუხისმგებლობა.

ვიდრე ბაზელში წავიდოდი, შევხვდი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო მათი მხრიდან, რა მონაცემები არსებობდა. მგონი, კარგი იქნება, რომ დროულად, სწორედ იმ უწყებებმა, რომელიც აქ პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე პასუხები გაგვცენ. პასუხები, მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს. არავინ სთხოვს აშშ-ს, რომ კიდევ მეტი მტკიცებულება მოგვაწოდონ, მგონი ყველაფერი ნათელია. გამოძიება აქ არის ჩასატარებელი. აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი