კონსტიტუციის თავზე გადახევა ისე უბრალოდ გავატაროთ, რომ ფორმალური რეაგირებაც არ მოვაყოლოთ?, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრისას განაცხადა.
"პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის შიგნით აცხადებს, რომ არც შარშან ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, არც წელს ვიმსახურებთ, რადგან თითქოს ფორმალურად ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, ანტისახელმწიფოებრივი, არაობიექტური განცხადება, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. ვინაიდან ეს განცხადებები აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იყო საფუძველი ნებართვის არმიცემის. ევროპელობა კონსტიტუციის უპატივცემულობაში არ არის. კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ევროპული და ეროვნული საქმე“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, ვინც მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, იქნება კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე.
"სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმა, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე თავადაა ოპოზიციაში და უხეში ფორმებით ოპონირებს - პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევით. სალომე ზურაბიშვილს აქვს შიში, რომ მას გადააყენებენ და ამ რისკების დასაზღვევად, რომ საკმარისი ხმები არ მოგროვდეს პარლამენტში, სათითაოდ ხვდება ჩვენს ოპონენტებს, რათა დაარწმუნოს, შეეხვეწოს, სთხოვოს, რომ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს. კარგად დავაკვირდებით ვინ იქნება კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილე. არანაირი მუქარა, უბრალოდ ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებ ასე, რომ ის, ვინც მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს იქნება თანამზრახველი, თანამონაწილე კონსტიტუციის დარღვევის. ამის იქით არ ვაპირებთ არანაირ კომუნიკაციას ჩვენს ოპონენტებთან და ხვეწნას ვერ დავუწყებთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.