პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები

11 სექტემბერი 2023, 14:58 442 ნახვა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას თან დაერთვება.  

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება, შეუძლებლად მიაჩნია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა  ძალიან მძიმე ფაქტია.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში