ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრას საქართველოს პარლამენტში მართავს. ჟოზეფ ბორელს პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხვდებიან.
მანამდე ჯოზეფ ბორელი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.
დარჩიაშვილის თქმით, რეფორმების პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
"ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ, საქართველოსა და ევროკავშირს გვაქვს ორმხრივი ფორმატის ფარგლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი როგორც პრაქტიკული, ისე დროის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, მას ექნება შესაბამისი გავლენა პროცესებზე, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობისთვის, რომელიც ხელისუფლებამ გასწია, რათა შესრულდეს 12 რეკომენდაცია და იმისთვის, რომ მთავარი მიზანი ასრულდეს და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი, რომ ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მთავარი თემა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა. ერთ საათში კი ჯოზეფ ბორელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დღეს შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ასევე შეხვედრა იგეგმება პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია და ვიზიტი დღეს დასრულდება.