სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გაყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

08 სექტემბერი 2023, 10:38 565 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა.

"აღნიშნულით ბოროტად ისარგებლა ბრალდებულმა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლითაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების შესყიდვას სთავაზობდა. ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, იგი მყიდველს დაზარალებულის შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება, არასრულწლოვანის კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილი იქნა 2003 წელს დაბადებული მამაკაცი, რომლის მობილური ტელეფონიდან დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, ასევე მათი გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერები იქნა ამოღებული.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონში დააკავეს"- აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი