ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს, მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე, საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„მინდა, მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ეროვნული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. ეს არის ის მონაცემი, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენი არჩევანი და ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. მე ვიცი თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, ეს იქნება სრულიად უკონტროლო რუსების შემოსვლა ამ ქვეყანაში, ეს ყველაფერი იქნება შეიძლება არა გადაჭრილი, არამედ მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს, ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა.
ამიტომ მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება, მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, რადგან ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას. რამეთუ მე ეს ფიცი დავდე იმ დღეს, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც გვიკარნახებს და რომელიც მეც მივიღე იმ დროს, როცა ცვლილებები შევიდა ამ კონსტიტუციაში, რომ ყველა საქართველოს ინსტიტუტი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება.
ამიტომ დავდივარ, ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემს მიმართ ნდობა, მაგრამ რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა. როცა სხვადასხვა ლიდერს ვხვდები, მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა, ეს მომავალი არის თქვენი არჩეული. ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, რომ ასე პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ მე თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავის სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გავაგრძელებ. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამ ორთვე-ნახევარში თუ სამ თვეში, რომ მოვიარო მთავარი და შეიძლება, ყველა დედაქალაქი ევროპისა და მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა.
ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს იქნება, არასდროს რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გავქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ერთიანი, მუდმივი სვლა, ვიდრე ჩვენ არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ და თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზე არის დამოკიდებული. თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.