მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა - ირაკლი კობახიძე

01 სექტემბერი 2023, 11:02 647 ნახვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. 

"საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინწინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე, მას აღსრულების პერსპექტივა არა აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.

 

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება.

"მისი პოზიციაა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს. ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასაბუთებულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში. ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს, მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს. მეორე მხრივ კი, ის ეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი. საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინწინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას.

„უპირველესად შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქმე ძალიან ცხადი და მკაფიოა, კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილსა  და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც მიმართულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“,- განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი