სასამართლოში ბათუმის ნავსადგურში აქციაზე დაკავებულების პროცესი გაიმართა

11 აგვისტო 2023, 12:21 865 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ნავსადგურში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. აქციაზე დაკავებულ პირთა ნაწილის მიმართ სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აქტივისტი ხათუნა ბერიძე 2000 ლარით დააჯარიმა. უკრაინის ორი მოქალაქის მიმართ კი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა დაადგინა და მათაც 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

სხდომაზე 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა გენრი დოლიძესაც. ერთ-ერთი დაკავებულის, ბექა გრიგორიადისის შემთხვევაში კი მოსამართლემ სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა დაადგინა და მაქსიმალური 3500 ლარიანი ჯარიმა გამოიყენა.

რა შეეხება აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ილია ანთაძის საქმეს, მოსამართლე გადაწყვეტილებას 7 სექტემბერს გამოაცხადებს.

ამ დროისთვის სასამართლომ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, საქმის წარმოება მხოლოდ ერთი პირის მიმართ შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში აქციაზე სამართალდამცავებმა 24 პირი დააკავა, მათგან  2 უკრაინის მოქალაქეა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში