შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია ორი მუხლით - თემურ მღებრიშვილი

07 აგვისტო 2023, 11:43 948 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, თუმცა საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება სიცოცხლის მოსპობისა და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლებით დაიწყო.

"ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ორი მუხლით არის საქმეზე გამოძიება აღძრულია, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება გადაკვალიფიცირდეს. ერთი არის სიცოცხლის მოსპობის მუხლით და მეორე არის 240-ე მუხლი",- განაცხადა მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ.

პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს. დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას. მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გრძელდებოდა სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც ცხედრები იქნა აღმოჩენილი, ვიპოვეთ პირადი ნივთები და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ", - განაცხადა მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მოწყობილია დამატებითი გზები, რომ მაშველებმა და ტექნიკამ სამძებრო სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოონ.

"ამ დროისთვის მოწყობილია ორი მიმართულებით გზები. ე.წ. კალცის წყლების მიმდებარედ შუადღემდე უკვე ბოლომდე იქნება გზა შეყვანილი. უკვე შემდგომ აქაც აქტიური ფრონტი გაიხსნება საძიებო სამუშაოების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვეცდები, რომ სპეკულაციის საშუალება არ დავტოვო. პირველივე წუთიდან უმოკლეს ვადაში, რაც კი შეიძლებოდა გონივრული ვადა ყოფილიყო ვერტმფრენის ცაში აწევის, ეს განხორციელდა. ჩვენ როცა ჩამოვფრინდით, დავიწყეთ ევაკუაცია, დარჩენილმა მოსახლეობამ ღამე გაათენეს უსაფრთხო ადგილებზე. ეს იყო სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება თვითონ ამ ადამიანების უსაფრთხოებისთვის“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით სტიქიის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. 

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი