თორნიკე რიჟვაძე - მშვიდობიანი, მიზანმიმართული პოლიტიკის საშუალებით შევძლებთ, რომ ტურისტული სეზონი წარმატებული გვქონდეს და ყოველდღიურად გავაგრძელოთ ზრუნვა, რომელიც ასე ესაჭიროება ჩვენს მოსახლეობას

01 აგვისტო 2023, 21:32 1031 ნახვა

ტურისტული სეზონი, ჩვენი ოპონენტების და ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ცრუ კამპანიის მიუხედავად, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - ,,მთავარი” განაცხადა.

,,ტურისტული სეზონი, მიუხედავად არაერთი მტრული და ცრუ კამპანიისა, რომელსაც არამხოლოდ ჩვენი ოპონენტები, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, ამ ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები სეზონის დასაწყისიდან ახორციელებენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ამ გამოწვევებისა, ტურისტული სეზონი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. განხორციელებული ვიზიტების ანალიზით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წლის დინამიკა სრულად არის აღდგენილი. გვაქვს 10%-იანი ზრდა. გასულ წელთან შედარებით პრაქტიკულად გაორმაგებულია ტურისტული ნაკადები მთელი რიგი სამიზნე ქვეყნებიდან. ასევე, ძალიან ხშირად მიმდინარეობს სპეკულაციები, მათ შორის ამ მტრულად განწყობილი ძალებისგან, რომ თითქოს ბათუმში მხოლოდ რუსი ტურისტები ისვენებენ. მე მინდა საზოგადოებას გავაცნო ის სტატისტიკა, რომ ყველა მიმართულებით, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისრაელი, თურქეთი და ყველა ის ქვეყანა, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის მარკეტინგულ კამპანიას, გაზრდილია ტურისტული ნაკადები. საზღვაო სეზონის ჩატარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები მივიღოთ ყველა ქვეყნიდან, განსაკუთრებით ტურისტები, რომლები შემოდიან, რათა დაისვენონ, გაეცნონ აჭარას და მეტი შემოსავალი მოუტანონ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორს. ბოლო ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში განხორციელდა მილიონ ორასი ათასზე მეტი ვიზიტი, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო უკვე იცნობს ბათუმს, აჭარას, მზარდია მის მიმართ დაინტერესება. ეს ჩანს წამყვან მედია საშუალებებში. ყოველდღიურად შუქდება ტურისტული სიახლეები, რომელსაც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენ ასევე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ განსაკუთრებით აგვისტო და სექტემბრის თვე იქნება კიდევ უფრო დატვირთული. სექტემბერში დიდი ღონისძიება გვაქვს. იცით, რომ დაგეგმილია მსოფლიო მასშტაბის გალა ღონისძიება. ტურიზმის ოსკარის დამაგვირგვინებელი ღონისძიება სწორედ ჩვენს ქალაქში გაიმართება. ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომელსაც ყოველდღიურად ებრძვიან განზრახ სხვადასხვა პოლიტიკური ამბიციების მქონე ძალები, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული. ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ მშვიდობიანი, მიზანმიმართული პოლიტიკის საშუალებით შევძლებთ, რომ ტურისტული სეზონი წარმატებული გვქონდეს და ყოველდღიურად გავაგრძელოთ ზრუნვა, რომელიც ასე ესაჭიროება ჩვენს მოსახლეობას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში