როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 ადამიანისა და კიდევ 2 ძებნილის საქმეზე დღეს შესაძლოა სასამართლო პროცესი ჩაინიშნოს, სადაც მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების თაობაზე იმსჯელებს.
ბრალდებული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც, „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დადგინდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.
საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, როინ შავაძეს „კუდ-ის“ თანამშრომლები, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში, ჯერ კონდახებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქობულეთის და გურიის საზღვართან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს.