13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იმსჯელა, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი სქესობრივ დანაშაულზე, მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე დახურული იყო.
ახალგაზრდა კაცი, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. იგი არ ეთანხმება ბრალდებას და დუმილის უფლებას იყენებს.
პროკურორ, ანა როყვას ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართულ სექსუალურ ძალადობაზე მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე ბათუმის რაიონული პროკურორი არ საუბრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს მიმართა. 13 წლის გოგოს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მოზარდი ბებიას მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა. შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი წარსულში არაერთხელ ნასამართლევია.