ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, თავდაცვის შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტებამდე გააუმჯობესა, ნატო კი სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილშია ნათქვამი.
„მართალია, ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ მას შემდეგ ნატო-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა. ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, ხოლო თავდაცვის შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტებამდე გააუმჯობესა. ნატო კი სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ.
მართალია, საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატო-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.
პაპუაშვილის განმარტებით, საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატო-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.
მისივე განცხადებით, შეუძლებელია, ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო.
„დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ, დღეს სკეპტიკოსებად იქცნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ ნატო-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთ ხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატო-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.