რამდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ ბათუმში პარკირების გადასახადის გადახდა შესაძლებელია ავტოტრანსპორტის ახალ ვებ-გვერდზე. ამ ეტაპზე პარკირების გადახდა მხოლოდ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზეა შესაძლებელი.
უწყების ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან პორტალის გარდა, შესაძლებელი გახდება საქართველოს ბანკის გადახდის არხებიდანაც. სხვა ბანკები კი სისტემაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
პარკირების ტარიფი არ შეცვლილა, 1 დღიანი საშვის საფასური 10 ლარია, 7 დღიანი - 20, ერთ თვიანი 30, 6 თვიანი 45, 1 წლიანი საშვი კი 60 ლარი ღირს. პარკირების საფასურის გადახდას მოქალაქეები თებერვლიდან ვერ ახერხებდნენ.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პრობლემა სერვერის ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია, რის გამოც საიტი გათიშული იყო.
შესაბამისად, გადაუხდელობის გამო მძღოლებს მუნიციპალური ინსპექცია ვერ აჯარიმებდა, საიტის აღდგენის შემდეგ კი საშვის არ ქონის გამო სანქციაც ამოქმედდა.
სიახლეა ისიც, რომ საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქვითარს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს, რაც 30 დღის შემდეგ ავტომატურად ჩაბარებას გულისხმობს.