იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი

04 ივლისი 2023, 18:15 669 ნახვა

მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს. მისი გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად სააკაშვილსაც მოვუწოდებთ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად შეასრულოს ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები, - ამის შესახებ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„გავავრცელებ მოკლე მიმართვას მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულ სააკაშვილისთვის უკანონოდ თავისუფლების მოპოვებას. კრახით დასრულებული მილიონდოლარიანი ცილისმწამებლური კამპანიის, ქართული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები. ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული, მავნებლური კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე. იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობენ და სიმართლისთვის თვალის გასწორების შიშით პრემიერის მოხსენებისას დარბაზიდან გარბიან, რითაც პირველ რიგში სწორედ საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ დიდ შეურაცხყოფას, და საგაზაფხულო სესიის დახურვისას საქართველოს ჰიმნის დროსაც არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. სწორედ ამ „პოლიტიკოსებს“ სურთ მსჯავრდებულის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და მის ხარჯზე პოლიტიკურ წარსულში გადაბარგების თუნდაც ძალიან მცირე ხნით გადავადება. ჩვენ, როგორც ადრე, მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ძვირფასი ხალხის ინფორმირებას და სიმართლის თქმას. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას. საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა. მოგახსენებთ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს. მისი გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად სააკაშვილსაც მოვუწოდებთ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად შეასრულოს ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმების მხრიდან როცა იქნება რეკომენდაცია, სააკაშვილს მაშინ გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდადებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევე, როგორც სხვა ბევრი პატიმარი, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი