ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ახალი სააგენტოს, ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა კიდეც - კობახიძე

04 ივლისი 2023, 11:49 670 ნახვა

ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ახალი სააგენტოს, ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა კიდეც. დაფუძნდა ახალი ანტიკორუფციული ბიურო და ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ამ ბიუროში ძირითადი ფუნქციების თავმოყრა, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არის მთელი რიგი ფუნქციები, რომელმაც თავი მოიყარა ანტიკორუფციულ ბიუროში. ეს არის ინტერესთა კონფლიქტების საკითხების რეგულირება და აღსრულება, ეს არის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, მამხილებელთა დაცვის სისტემა, პარტიების დაფინანსების მონიტორინგი, რომელმაც ამ ბიუროში გადმოინაცვლა და ესეც არის ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სტრატეგიის ზედამხედველობა და კოორდინაცია.

 

რაც იყო ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, ფუნქციების თავმოყრა ერთ ორგანოში, ამ რეკომენდაციასაც ჩვენ გავყევით და შევასრულეთ. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩა და დაინიშნა გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე. აქ იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოიწონა ის კანდიდატურა, რომელიც საბოლოო ჯამში დაინიშნა ამ ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ასევე მიღებულ იქნა კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება ორი სამსახურის „სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის“ ინსტიტუციურ გაძლიერებასთან. თითქმის გაორმაგდა ბიუჯეტი და ასევე ადამიანური რესურსები. გაფართოვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება და ასევე იურისდიქცია. გაძლიერდა თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები და გაიზარდა ორივე სააგენტოს ანგარიშვალდებულების ხარისხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. მისივე განმარტებით, სუს-ის უფროსი არ იყო ვალდებული წარმოედგინა პირადად ანგარიში პარლამენტის წინაშე, რაც დაზუსტდა.

„პარლამენტის წევრის კითხვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი. აქაც გვაქვს ცვლილებები, კერძოდ, დღევანდელი ცვლილებით, შემცირდა პარლამენტის წევრისთვის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადები, რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება. აქაც პროაქტიულად გამოქვეყნდება ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია შეკითხვებზე პასუხის გაცემასთან, მათ შორის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია და ა.შ. თემატური მოკვლევა - ესეც არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი და ამ შემთხვევაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, კვორუმი იქნა დაწეული, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, ასევე თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შესრულების მექანიზმი დაიხვეწა რეგლამენტში. სუს-ის ანგარიშს რაც შეეხება, სუს-ის უფროსი არ იყო ვალდებული წარმოედგინა პირადად ანგარიში პარლამენტის წინაშე, ესეც დაზუსტდა. სუს-ის უფროსი პირადად წარუდგენს პარლამენტს ანგარიშს სუს-ის საქმიანობის თაობაზე. როგორც ხედავთ, რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. კანონმდებლობა არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც რიგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისათვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი