არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენმა უწყებებმა სანქციების გვერდის ავლის მცდელობა აღკვეთეს. ამ კუთხით ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს და ბუნებრივია, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩის, ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტი ამას ემსახურება, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შედგება შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მსჯელობა იქნება, აქამდე რა ზომებს იღებდა საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის არავლის კუთხით და მომავალში რა ზომების მიღება უნდა გაგრძელდეს.
"გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის რამე პრეცედენტი, ბუნებრივია, კომპანიებისა და მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე საუბარი ზედმეტია. მომავალში თუ იქნება მცდელობა, ეს მცდელობებიც აღიკვეთება და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. ჩვენ აღებული გვაქვს ეს ვალდებულება. მართალია, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიზიტი შეიძლება, ემსახურებოდეს პრევენციასაც. ამ შემთხვევაში, მიზანი სწორედ ეს არის. დღემდე აღიარებულია, რომ საქართველო არავის აძლევს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს უკვე აღიარებული ფაქტია, ეს აღიარეს საერთაშორისო პარტნიორებმა. ჩვენი სახელმწიფო დღესაც მუშაობს პრევენციაზე. ათეულობით შემთხვევა იყო, როდესაც იყო მცდელობა და შესაბამისი უწყებების მხრიდან აღიკვეთა. ბუნებრივია, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებით მუშაობა. ამ კუთხით კოორდინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
რაც შეეხება სპეკულაციებს ამ თემასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელევიზია საუბრობდა, თითქოს საქართველოს ხარჯზე ახერხებს რუსეთი საკუთარი ვაჭრობისა და ეკონომიკის გადარჩენას. მინდა, შეგახსენოთ, რომ რუსეთის ვაჭრობაში საქართველოდან ექსპორტის წილი თავისი რეექსპორტებით და ყველაფრით 0.3 პროცენტია. რუსეთი ვაჭრობს ჩინეთთან, ინდოეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. ყოველდღიურად ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა უწევს ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთისთვის. აშშ ვაჭრობს რუსეთთან, ომში მყოფი ქვეყანა უკრაინა დე ფაქტოდ ვაჭრობს რუსეთთან. ყველა ვაჭრობს რუსეთთან და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის შემთხვევაში არის რისკები ხომ?! მაგალითად, ძალიან დიდი ვაჭრობა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან. ბუნებრივია, იქაც არის სანქციების გვერდის ავლის რისკები. ბუნებრივია, ამით დაინტერესებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენც მზად ვართ კოორდინაციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.