სააკაშვილი სიმულიანტობდა 600 დღის განმავლობაში და ამ სიმულაციას სამწუხაროდ ჰქონდა ფართო მხარდაჭერა უცხოელების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც სააკაშვილს ტყუილში ეხმარებოდნენ, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის ამ სიმულაციას, ტყუილებს, უნდა მოუხადოს ბოდიში საზოგადოებას, ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული დიპლომატები, ყოფილი სახალხო დამცველი, მისი კონსილიუმის წევრები და ა.შ. საკმაოდ ფართოა ეს წრე. გვიმტკიცებდნენ, რომ 600 დღის განმავლობაში ეს კაცი ყოველდღე კვდებოდა.
ასეთი სპექტაკლი იცით ალბათ – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ – სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში, რაღაც სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. როცა ასეთი აბსურდის ავტორის პოლიტიკაში დაბრუნებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მას წარმატების არავითარი შანსი არა აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.