ვიღაცას სურს, ეროვნულ ბანკში ხელოვნურად გააღრმაოს ინსტიტუციური კრიზისი, ჩვენი მიზანი იყო, ამისთვის ხელი შეგვეშალა და დავძლიეთ ვეტო - კობახიძე

20 ივნისი 2023, 13:58 618 ნახვა

შექმნილია აჟიოტაჟი, რომელიც მიუთითებს, რომ ვიღაცას უბრალოდ სურს, ეროვნულ ბანკში ხელოვნურად გააღრმაოს ინსტიტუციური კრიზისი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის ერთადერთი მიზანი იყო, ხელი შეეშალა ამ მიზნის რეალიზებისთვის, არ შექმნილიყო ეროვნულ ბანკში ინსტიტუციური კრიზისი და სწორედ ამის გამო დაძლიეს ვეტო.

"პირველ რიგში, აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს უნდა ითქვას. ერთადერთი განსხვავება ვეტოსა და ჩვენ მიერ მიღებულ კანონს შორის რა იყო, რომ ვეტო ითვალისწინებდა სამივე ვიცე-პრეზიდენტის არსებობას ეროვნულ ბანკში და ჩვენი კანონი ითვალისწინებდა პირველ ვიცე-პრეზიდენტს პლიუს ორი ვიცე-პრეზიდენტი. მეტი განსხვავება არ იყო ამ ორ კანონს შორის. შესაბამისად, ამის გარშემო ამხელა აჟიოტაჟი რომ არის შექმნილი, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცას უბრალოდ სურს, ხელოვნურად გააღრმაოს ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში. ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო, ხელი შეგვეშალა ამ მიზნის რეალიზებისთვის, არ შექმნილიყო ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში და სწორედ ამის გამო დავძლიეთ ვეტო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში