საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

07 ივნისი 2023, 15:04 1239 ნახვა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ამხანაგურ მატჩში კვიპროსს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა მარტში, თურქეთის ქალაქ ბელეკში ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს გიორგი გულიაშვილის გოლით - 1:0 სძლია.

გასულ კვირას, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოახლოებული ევროპირველობისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

სია 35 მოთამაშისგან შედგება, საბოლოო 23-კაციანი განაცხადი კი 16 ივნისს გახდება ცნობილი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისიდან დაიწყებს, ტურნირის ჯგუფურ ეტაპს კი 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს ბათუმი არენა უმასპინძლებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი