სასამართლომ "რეტროს" მეპატრონეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

06 ივნისი 2023, 16:59 1707 ნახვა

რესტორან "რეტროს" მეპატრონეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება  მოსამართლე ლევან ყოლბაიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ვარშანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. მას საქმის განხილვის დასრულებამდე დაზარალებულებთან კომუნიკაცია აეკრძალა.

პროკურორი ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. 

სხდომაზე ბრალდებულმა მცირე კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

"საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო. ვუყურე ვიდეოს და მომხდარს განვიცდი. ჩემს ხელში გაზდილი ბავშვები არიან და მაქსიმალურად ვცდილობ ხელი შევუწყო სწავლაში. როგორც ჩემს შვილებს ისე ვუყურებ. ნერვიულობის ნიადაგზე შევეცადე აღნიშნული პიროვნება გარეთ გამეყვანა, ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიმიყენებია. ის ტონი რასაც კადრებში ვუყურე, ჩემი ოჯახისთვის მიუღებელია", - განაცხადა თეიმურაზ ვარშანიძემ.

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში კაფე „რეტროში“, მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დღეს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

საპირისპიროს აცხადებს ბრალდებულის მხარე. ადვოკატის განცხადებით, თეიმურაზ ვარშანიძე წააქციეს და მას ურტყამდნენ თავად კომპანიაში დასაქმებულები, ისინი ითხოვენ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.

პროტესტის ნიშნად, რესტორანი თხუთმეტმა დასაქმებულმა უკვე დატოვა.  გუშინ, შრომის ინსპექციის სამსახურმა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“, 30 ათასი ლარით დააჯარიმა.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში