ქალაქ ნოვა კახოვკას პრორუსი ჩინოვნიკი ვლადიმერ ლეონტიევი აცხადებს, რომ ქალაქის კაშხალზე მიყენებული ზიანი შეუქცევადია. იგი კაშხლის განადგურებაში უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს.
ლეონტიევის თქმით, დაახლოებით 300 საცხოვრებელი სახლის ევაკუაცია განხორციელდა. სახიფათო ზონა 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს. მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლების განცხადებით, ქალაქში წყლის დონე მომდევნო 72 საათის განმავლობაში მოიმატებს. ახლა წყლის დონემ 10 მეტრით მოიმატა.
კახოვკის ჰიდროელექტრო სადგური მთლიანად დაიფარა წყლით. 30 მეტრის სიმაღლისა და 3,2 კმ სიგრძის კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მდინარე დნეპრზე 1956 წელს აშენდა.
ხერსონის პრორუსული ადმინისტრაციის მტკიცებით, უკრაინამ კაშხალი ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 დაბომბა. ოფიციალური კიევი კაშხლის აფეთქებაში რუსეთს ადანაშაულებს.
როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.