რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს - უკრაინული მედია

06 ივნისი 2023, 10:01 776 ნახვა

გვიან ღამით, უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. სირენების ხმა ისმოდა დედაქალაქშიც.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, კიევის თავზე და დედაქალაქის შემოგარენში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის 20-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურა, ძირითადად, ფრთოსანი რაკეტები. პოპკოს განმარტებით, რუსეთის ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს. 

სამხრეთის ოპერატიული სარდლობა და ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. 

"ამჟამად ზუსტდება ნგრევის მასშტაბი, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო რაიონები. ყველა სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი“, - ნათქვამია სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

პროკუდინის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი. საშიში რაიონებიდან დაწყებულია ადგილობრივი მოსახლების ევაკუაცია. 

ქალაქი ნოვო კახოვკა, სადაც კაშხალი მდებარეობს და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო ამჟამად რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი