ევროპელი კოლეგებისგან, ვისაც ვესაუბრე, მივიღე დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება ჩვენი საკითხის განხილვა, რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით რეალობა - ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:23 1062 ნახვა

ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, მეგობრებისგან, ვისაც ვესაუბრე, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება ჩვენი საკითხის განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ისინი აღიარებენ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. 

„კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა მოლდოვაში გამართული განხილვების შემდეგ ქართულ მედიასთან განაცხადა, რომ შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. 

„განვიხილეთ უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების რისკები, რომელიც შექმნა ამ ომმა, რომელიც გადამდებია მთელი ევროპისთვის, რეგიონისთვის და რომელიც არის გადამდები მათთვის, ვისაც გვაქვს ტერიტორიული, უსაფრთხოების პრობლემები. მივიღე მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში, აქაც განხილვის თემა იყო უსაფრთხოების საკითხები, კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ, სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა მსოფლიომ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ამ ომს, ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, დროებითი ოკუპაცია და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები განათავსა ჩვენს ტერიტორიაზე. მე მათ ვუთხარი, რომ ეს იყო შეცდომა, რომ არ მიექცა სათანადო ყურადღება ამ ოკუპაციას. ასევე, მათ ვუთხარი, რომ, სამწუხაროდ, მაშინ არავის გამოუთქვამს ინიციატივა, დაეკისრებინათ სანქციები რუსეთისთვის და რაიმე სერიოზული რეაგირება მოეხდინათ. ეს იყო შეცდომა და ამის შედეგებს ვიმკით დღესაც. ყველა მეთანხმებოდა ამ შეფასებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი