გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება, „ნაციონალური მოძრაობის“ ნირია და ამას ვერ იცვლიან, ვინც მათთან არ არის, მათი მტერია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრების დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ჯგუფის არსებობა მნიშვნელოვანია დროის კუთხით და ოპოზიციის ნაწილი ხაზს დაფინანსების ნაწილს უსვამს, მაგრამ დაფინანსება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც დრო, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ისინი იყენებენ.
"ასევე არის დელეგაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა. გუშინ პლენარულ სხდომაზე ადამიანები ვიხილეთ, ვინც ცოტა ხნის წინ თანამებრძოლები იყვნენ. ხატია დეკანოიძე ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მას და ახალ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას არა მხოლოდ უსიამოვნო დიალოგი ჰქონდათ, არამედ ეს იყო ადამიანურ, ეთიკურ სტანდარტებს მიღმა. ეს არის ზუსტად “ნაციონალური მოძრაობა” – ვინც მათთან ერთად არ არის, არათუ მათი მოწინააღმდეგეა, არამედ მტერია. გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ კეთდებოდა კომენტარები, თითქოს პრეზიდენტი ელოდება ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ის შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის.
„ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის სავაჭრო ობიექტი, ეს არ შეიძლება ასე. გვიკვირს მერე გუშინ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გააკეთა ასეთი სახის კომენტარი, რა გამოდის,რომ ტყვეებით ვაჭრობაა თუ რა არის? როდესაც ადამიანის თავისუფლება არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს რაც არ უნდა მიზანს ემსახურებოდეს ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შეიწყალო არ მგონია, იყოს სწორი მიდგომა და პრეზიდენტი ასე უყურებდეს ამ საკითხს, ვინაიდან გამოდის, რომ ამ შემთხვევაში მას გადაწყვეტილი აქვს შეწყალება, მაგრამ ის ეგუება, რომ ადამიანი, რომელზეც თუკი გადაწყვეტილება აქვს მიღებული შეწყალების, იყოს თავისუფლების აღკვეთის ადგილას და ეძებს ხელსაყრელ მომენტს, რომელიც შეიძლება, დადგეს ან არ დადგეს ან როდის დადგეს არავინ იცის. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს, ინდივიდებს და მათი ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რამეზე, რაც არ უნდა მიზანი იყოს, ამიტომ მე ამ განმარტებას და ინტერპრეტაციებს, რომელიც მოვისმინე გუშინ „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებისგან კატეგორიულად გამოვრიცხავ. საქართველოს პრეზიდენტს არ მგონია, ასეთი დამოკიდებულებას ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.