ჩვენი პრინციპი მარტივია - არც ერთი „ნაცი“ არც ერთ ორგანოში - ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2023, 14:53 667 ნახვა

არც ერთი „ნაცი“ არც ერთ ორგანოში, ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ პრინციპს ადრე კომპრომისებით ეკიდებოდნენ, მაგალითად, როცა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად აირჩიეს.

„როცა საუბარია 3-2 ზე, 4-1 ზე და ა.შ. ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე შეიძლება, ცოტა კომპრომისებით ვეკიდებოდით. მაგალითად, როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად და ა.შ. აღარ გავყვები. ჩვენი პრინციპი მარტივია – არც ერთი „ნაცი“ არც ერთ ორგანოში, ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთივე წევრი უნდა იყოს არა მიკერძოებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის მიმართ, არამედ  დამოუკიდებელი.

კობახიძე ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს.

„მაგალითად, „ნაცმოძრაობიდან“ კონკრეტულ დეპუტატს, მათ ერთ-ერთ ლიდერს ჰქონდა  შემოთავაზება. საუბარი იყო ასეთ ფორმულაზე – თუ არ ვცდები ოთხი ერთზე, რაც უკვე აჩვენებს დამოკიდებულებას. საქმე როცა ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ხუთივე უნდა იყოს არა მიკერძოებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის მიმართ, არამედ  დამოუკიდებელი. შენ როცა ვიღაცას სთავაზობ ფორმულას 4:1-ზე, აქ ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკური მიკერძოებით გინდა, აირჩიო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. მინდა, ერთი რამ ვთქვა, რაც აქამდე, მგონი, არავის უთქვამს. გუშინ აირჩა სამი წევრი, პირადად მე დღესაც არ მახსოვს სახელები და გვარები, რადგან ეს პროცესი, ძირითადად,  იურიდიულ კომიტეტში წარიმართა და ჩვენ არსებითად დავეყრდენით იურიდიული კომიტეტის დასკვნას.

კვალიფიკაციიდან გამომდინარე, იმ გასაუბრების შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც წარიმართა გამჭვირვალედ იურიდიულ კომიტეტში, ჩვენ წარმოგვიდგინა იურიდიულმა კომიტეტმა დასკვნები პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების კუთხით და სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება. არა 4, 1, 3, 2 და ასე შემდეგ, ყველა უნდა ყოფილიყო იუსტიციის საბჭოში მიუკერძოებელი, ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილებისა და მიკერძოებულობის გარეშე. აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა ჰქონდა ამასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციას. მათ სურდათ, პოლიტიკურად „ნაცმოძრაობის“ მიმართ ლოიალური კანდიდატების არჩევა და მაინცდამაინც ისე დაემთხვა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიმართ ლოიალური კანდიდატები იყვნენ უცხოელი აგენტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი