არავითარი კავშირი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არ არის - ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2023, 15:18 718 ნახვა

ოპოზიცია ისე ცდილობს ამ ყველაფრის წარმოჩენას, თითქოს რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენა ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას. არავითარი კავშირი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არ არის, - ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„2019 წელს რუსეთმა სანქცია დაუწესა საქართველოს მოქალაქეებს, დასაჯა საქართველოს მოქალაქეები. ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. ახლა რუსეთმა მიიღო მორიგი ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამ სასჯელის მოხსნის თაობაზე. დაუწესეს თავის დროზე საქართველოს მოქალაქეებს სასჯელი, სანქცია. დღეს ეს სანქცია მოიხსნა, რაც კარგია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს უკეთ რეალიზებული. როცა საუბარია ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებაზე, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას - ხელი უნდა შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. ამ პირობებში, მითუმეტეს მიუღებელია ყოველგვარი საუბრები რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. გარდა ამისა, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ დავსჯით საკუთარ ხალხს. როდესაც ოპოზიცია ასეთ რაღაცებს საუბრობს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ფრენებს, არის არაერთი ქვეყანა, სადაც არის ფრენები, მათ აქვთ პარტნიორობა დასავლეთთან, თუმცა, ფრენები რუსეთთან აქვთ. მთლიანობაში ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სპეკულაციებს არ აქვს საფუძველი. ოპოზიცია ისე ცდილობს ამ ყველაფრის წარმოჩენას, თითქოს რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენა ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას. არავითარი კავშირი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არ არის, ასე რომ იყოს აშშ-ს აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები, ან ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებდა სავიზო რეჟიმს, თუმცა, საკმაოდ მკაცრი რეჟიმი მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, იმიტომ, რომ ფრენები და სავიზო რეჟიმი არის სრულიად სხვა და სტრატეგიული პარტნიორობა სულ სხვა რამ“, - აცხადებს კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი