გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ კახაბერ კამლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. პროცესზე დაცვის მხარე კახა კამლაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
ცნობისთვის, 4 აპრილს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან LA VERA-სთან სროლის დროს ერთი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს.
ფაქტზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორ კახაბერ კამლაძეს თავდაპირველად განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი გადაკვალიფიცირდა - დღეს მას პროკურატურამ ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.