ევროპელ მეგობრებს მინდა, ვუთხრა, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს როცა შეხვდებიან, ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც კატასტროფულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ „ყველა დამნაშავე, რომელიც თაღლითურ სქემაში იყო ჩართული, პასუხისგებაში იქნება მიცემული“.
"მინდა, გამოვეხმაურო მეტად შემაშფოთებელ ფაქტს, ეს არის საერთაშორისო, ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც იქნა გამოძიებული და გახსნილი, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეს. პირველ რიგში, იმიტომ მინდა, ამის თაობაზე კომენტარის გაკეთება, რომ საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული მასშტაბის, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის ერთი მილიარდი დოლარი, თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. რეალურად, გახსოვთ, რომ ალბათ ბოლო ერთი წელია, მუდვმივად ისმოდა ბრალდებები რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც თავად ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან მოპარული, ნაძარცვი ფულით. ეს არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ შემაშფოთებელი ფაქტია. ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან. ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ბოლო ალბათ ორი წლის განმავლობაში. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული ერთობლივად და ჩვენ, ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, კატასტროფულია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე, მოგეხსენებათ, ჯერ ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ატერორებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახულ თაღლითურ სქემაში იმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონერები. მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული.
ასე რომ, როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა, ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ მიხარია, რომ სიმართლე გაირკვა. გახსოვთ, შარშან პორიქით აბრალებდნენ, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში და ახლა „ბიბისიმ“, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გამოავლინა და ამის თაობაზე უკვე მთელ საზოგადოებას ეცნობა. ასე რომ, ნაცვლად იმისა, ჩვენი ოპოზიციის წარმომაგენლები ჩართული იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველ დღე უნდა მოიხადონ ბოდიში ახლა უკვე როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე. უნდა მისცენ ახსნა-განმარტებები, რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმოს ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით, ევროპელი პენსიონრების მოპარული ფულით.
ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, ყველა ის დამნაშავე, რომელიც ამ თაღლითურ სქემაში იყო ჩართული, პასუხისგებაში იქნება მიცემული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.