საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ილჰამ ალიევის თქმით, ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ქვეყნებს შორის გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი შეხვედრა ხშირია. ექვსი თვის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვიმყოფებოდი მცხეთაში და დღეს თქვენ გაბალის რეგიონში ბრძანდებით. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა. საოცარი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის საშუალება გვეძლევა როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ბევრი წელია, მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, მოსახლეობა ერთმანეთს ძმებად მოიჩნევენ და გვინდა, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, სამომავლო საქმიანობა განახორციელონ.
"საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება. ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, 24.5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს. ეს მაჩვენებელი იზრდება და ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც გასულ წელს ევროკავშირთან ხელი მოვაწერეთ, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწვდით ევროპას 20 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე, ორიენტირი და იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტრანსპორტი. ალიევის განცხადებით, ყველაფერი გეგმის მიხედვით, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს.
"შუა დერეფანში აზერბაიჯანი და საქართველო ძალიან აქტიურები ვართ და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა, ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს, რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი, რათა სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად, მოვიზიდოთ გადამზიდავები, ახალი მოცულობები.
დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და გავაგრძელებთ საუბარს მომავალშიც. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მოიცავს მრავალ მიმართულებას – თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს. ძალიან დიდი მადლობა და მოგესალმებით აზერბაიჯანში, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ცოტა ხნის წინ, დაიწყო.