სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. აღნიშნული 12 სისხლის სამართლის საქმიდან გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ საუბარია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში, რომელიც უწყებამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ 12 საქმიდან 6-ზე გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ისე, რომ სამსახური დაზარალებული ჟურნალისტის/ოპერატორის ან სხვა პირის ოფიციალურად მომართვას არ დაელოდა.