სახალხო დამცველის ანგარიში

03 აპრილი 2023, 12:20 662 ნახვა

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი 347 გვერდიანი 31 თავისა და 2 დანართისგან შედგება.

მასში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

ანგარიშის თანახმად, პენიტენციური სისტემაში უმთავრესი პრობლემებია არაფორმალური მმართველობა, სამარტოო საკნებში ხანგრძლივად მოთავსების პრაქტიკა, სომატურ და ფსიქიატრიულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ასევე, გაუმართავია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა. 2022 წელს დაფიქსირდა უკანონო „ბორდერიზაციის“69 შემთხვევა. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი.

 

პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევას წარმოადგენს ექთნების დეფიციტი, ძველი ინფრასტრუქტურა, სუსტი კავშირები სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა. (მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის აპარატის აქტივობების შედეგად, 2022 წლის 2 მაისიდან ქვეყნის მაღალმთიან მუნიციპალურ საავადმყოფოებში ამოქმედდა „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა“ და ბენეფიციარები სათანადო მომსახურებით არიან უზრუნველყოფილი.)

 

უარყოფით მოვლენებს შორის უდავოდ უნდა განიხილებოდეს: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ასევე, ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შემუშავებული წინაპირობები სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან დაკავშირებით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება (2022 წელს) და შემდგომ მისი ინიცირება.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

კვლავ გამოწვევად რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება. (ნიკა გვარამიასა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეები).

 

ბოლო წლებში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ნივთის დაზიანება, თავდასხმა, დევნა, მუქარა, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, სავარაუდო არაკანონიერი მიყურადება.

 

შეკრების უფლების შეზღუდვის მიზნით გრძელდება შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით.

ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პირებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების საქმეზე ჩატარებული გამოძიება.

 

დემოკრატიული სივრცის შეზღუდვის ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები (ე.წ. მოსმენების კანონი).

ქვეყანაში დაიწყო ფსიქიატრიული დაწესებულებების და დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, თუმცა, აუცილებელია გაიზარდოს სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი.

 

დიდი ზომის დაწესებულებების კონტექსტში მნიშვნელოვანია ნინოწმინდის პანსიონში - ბავშვის უფლებათა სისტემური დარღვევების, არასრულწლოვანთა მიმართ წლების განმავლობაში დამამცირებელი, არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის შესახებ საქმეები.

 

გენდერული თანასწორობის კონტექსტში საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. თუმცა, წლებია არ გაუმჯობესებულა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული ვითარება, და არც შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება.

 

მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები და შშმ ქალებისათვის.

სიღარიბე, და განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, სკოლის პერსონალისა და მშობლების ინფორმირებულობა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, დასაქმების სირთულეები, დამსაქმებლების მხრიდან სტიგმის შემცველი დამოკიდებულება; სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. მათ შორის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოების საქმიანობა.

 

კვლავ არ შემუშავებულა უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები.

 

ერთ-ერთ ყველაზე გარიყული და დაუცველი ჯგუფის - ხანდაზმულთა 36% სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული.

დღემდე არ შემუშავებულა ე.წ. ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების სპეციალური წესები. შენელდა განსახლების პროცესი.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის რთულია განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, მათი სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროპორციული და თანასწორი ჩართულობა და სხვ.

 

საქართველოს სახალხო დამცველი წლებია სახელმწიფოს დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და თანასწორუფლებიანობის მისაღწევად ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნისკენ მოუწოდებს"- აღნიშნულია ანგარიშში.

დღესვე სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა. როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მისი მოადგილეები იქნებიან ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე.

„როგორც იცით, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე, ორივე მათგანი ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას,“- განაცხადა იოსელიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი