ე.წ. ფრანკლინის კლუბი, როგორც ირკვევა, რეალურად გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული ექსტრემისტი პოლიტიკოსებისა და ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი გარკვეული სამჭედლო, რომელსაც არ მგონია, რაიმე კავშირი აქვს დიდ ადამიანთან, რომლის სახელსაც ატარებს,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, დასახელებული კლუბის საქმიანობას დადებითად ვერ შეაფასებს, რადგან არ იკვეთება, რომ ის საგანმანათლებლო პროექტია.
"არ მგონია, იდეოლოგიური სამუშაო, რაც ამ ახალგაზრდებზე, კლუბის წევრებზე უნდა ხორციელდებოდეს, კავშირშია თუნდაც ერთ ღირებულებასთან მაინც, რომელზეც შეიძლება, ადამიანმა გაიფიქროს, როდესაც ფრანკლინი ესმის. ალბათ ეს უფრო არის არა „ფრანკლინის კლუბი“, არამედ ლევან რამიშვილის კლუბი, რომლის გამოყენებასაც მავანი მომავალი წლის საარჩევნო პროცესისთვის ცდილობს.
ავიწყდებათ, რომ დღეს არ არის 2003 წელი, 2023 წელია, დღეს სახელმწიფოს სათავეში არ არის ის ხელისუფლება, რომელიც მაშინ იყო, ახლა სხვა ხელისუფლება, სხვა რეალობაა როგორც ისტორიული, ისე პოლიტიკური, რომ ქართული სახელმწიფო არ არის ის, რაც იყო 2003 წელს, არის 2023 წელი. რეალურად, მაინც ეს ადამიანები არიან, ვინც ეს კლუბი დააფუძნა და პოლიტიკური მიზნებისთვის იდეოლოგიურ სამჭედლოდ აქცია, მაინც არიან „კმარას“ ნოსტალგიაში. ამიტომ ამ კლუბის საქმიანობას ჩვენ ვერ შევაფასებთ დადებითად, რადგან არ იკვეთება, რომ არის საგანმანათლებლო პროექტი, ეს არის პოლიტიკურ-იდეოლოგიური პროექტი და ახალგაზრდებს რთავენ ისეთ პროცესებში, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივია. არ დაგიმალავთ, ამაზე როდესაც ვფიქრობ, დიდი იმედით ვარ, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდები თავისუფლად აზროვნებენ, მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე, შეიძლება, ჩვენ გვქონოდა მათ ასაკში. ყველა ღია წყაროთი ბევრი რაღაცის გაგება შეიძლება და დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთებაც მათთვის უფრო ადვილია, ვიდრე 2003 წელს შეიძლებოდა, როდესაც „კმარა“ ცდილობდა სახელმწიფო საფუძვლების შერყევას და შემდეგ მივიღეთ ბაჩო ახალაია ციხეების უფროსად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულიკიანის განცხადებით, სააკაშვილისთვის ნორვეგიული ჯილდო არის მისი სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლთა შეურაცხყოფა, ჩვენ არავის გავაქილიკებინებთ ამ ტერმინებს, დიახ, სააკაშვილის დროს ამ ქვეყანაში იყო სისხლიანი რეჟიმი.
"დღეს რასაც ვხედავთ, ნორვეგიულ ჯილდოს სააკაშვილისთვის, ეს არის ყველა იმ მსხვერპლის შეურაცხყოფა, რომელიც ჰყავდა სააკაშვილს თავისი სისხლიანი რეჟიმის დროს და ჩვენ არავის გავაქილიკებინებთ ამ ტერმინებს. დიახ, სააკაშვილის დროს ამ ქვეყანაში იყო სისხლიანი რეჟიმი და ნორვეგიული ჯილდო ამ სისხლიანი რეჟიმის თითოეული მსხვერპლის შეურაცხყოფაა, შეურაცხყოფაა იმ გარდაცვლილების, რომლებიც ამ რეჟიმის დანაშაულების შედეგად დაიღუპნენ.
ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ იმავე სასამართლოს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე, სადაც დამტკიცდა ის, რასაც მუდამ ვამბობდით, რომ ახალგაზრდა ადამიანები სააკაშვილის რეჟიმმა ჩაცხრილა ქუჩაში ისე, რომ ამისთვის არავითარი, იოტისოდენა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. აი, ასეთ კაცს, ერთმა კონკრეტულმა პარტიამ ევროპაში, ნორვეგიაში მიანიჭა ჯილდო და მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, მე ასე ვუყურებ ამ ჯილდოს, რომელიც სამარცხვინოა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.