საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
პლენარულ სხდომაზე, სადაც "თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, პროცესში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.
მოგვიანებით, ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაერთო უმრავლესობის წევრი ლევან მგალობლიშვილიც. სიტუაციის განმუხტვას სხდომათა დარბაზში მანდატურები ცდილობდნენ.
უცნობია, დაპირისპირება კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს ჯაშუშებს ეძახდნენ, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა.