ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომლის საბოლოო მიზანია, ქვეყანა საომარი პლაცდარმი გახდეს - მდინარაძე

21 მარტი 2023, 14:01 546 ნახვა

ერთი წელია ამ ქვეყანას უწევს ბეწვის ხიდზე სიარული. ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომელთა საბოლო მიზანი არის რაღაცნაირად ეს ქვეყანა საომარი პლაცდარმი გახდეს. ეს არის სიმართლე და ამ სიმართლის ირგვლივ ტრიალებს საუკუნის აფიორა, როდესაც ქართულ საზოგადოებას და ახალგაზრდებს დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ამ პარლამენტში იყო მიღებული და შემდეგ გაწვეული, არის რუსული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ამ სიმართლის ირგვლივ ტრიალებს საუკუნის „აფიორა“, როდესაც ქართულ საზოგადოებას და ახალგაზრდობის ნაწილს სამწუხაროდ დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ამ პარლამენტში იყო მიღებული და შემდეგ გაწვეული - იყო რუსული. ამ ლოგიკით „რუსული კანონი“ დააინიცირეს EPP-ის წარმომადგენლებმა, რომლის ნაწილიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამ ლოგიკით კანადაში მუშაობს „რუსული კანონი“, ამ ლოგიკით ბრიტანეთის თემთა პალატას მიღებული აქვს რუსული კანონი, ამერიკაშიც რუსული კანონი მუშაობს და მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი მოწოდებულია, რომ რაც შეიძლება ჩქარა მიიღონ ეს კანონი. აი ამ დონის "ფეიკთან" გვაქვს საქმე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "სახალხო პარტიის" ინიციატივა არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ადგილი ჰქონდა საუკუნის აფიორას. მისივე  თქმით, საქართველოში რაც რუსულად მონათლეს, ის ამერიკულია ევროპაში, კანადაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში და ა.შ.

"უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ჩვენგანი, ნებისმიერი მოქალაქე, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ა.შ – როგორ მოხდა ისე, რომ ერთი და იმავე კანონი ყველგან არის ამერიკული, მხოლოდ საქართველოში მოინათლა ის რუსულად. ანუ, ეს იყო საუკუნის თაღლითობა, რომელშიც, სამწუხაროდ, გაება საქართველოს არაერთი გულწრფელი მოქალაქე და შეიძლება, ბევრი მათგანი გულწრფელადაც აპროტესტებდა ამ ყველაფერს. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად, თავისი აქტივისტებიდან გამომდინარე აპირებდნენ, მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის ქაოსში ჩართვაში. ამ საუკუნის აფიორამ თავის მხრივ შვა ფაშიზმის და ბოლშევიზმის რაღაც სინთეზი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია. არ მახსენდება ასეთი ტერმინი, რად იწოდება ბოლშევიზმი და ფაშიზმი ორივე ერთად, რომელიც გამოვლინდა დღეს, მათ შორის სხდომათა დარბაზში. პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ პასუხი გასცა თუ არა, თითის ქნევა დაიწყეს, როგორ გაბედა ეს თავმდჯომარემ. წიგნების დაწვა ბოლოს როდის გახსენდებათ, შეგიძლიათ მითხრათ? ბერლინის ცენტრში გებელსის მიერ წიგნების დაწვა მახსენდება ბოლოს და ახლა მახსენდება „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების მიერ წიგნების დაწვა. წარმოიდგინეთ, რამხელა პარალელია“,-  განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა მდინარაძე ასევე აცხადებს, რომ არ შეიძლება ინდულგენცია იყოს ჟურნალისტური საქმიანობა, მედიამფლობელობა, ან ნებისმიერი სხვა სფერო. ამით პოლიტიკოსი დავით კეზერაშვილზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს. არ შეიძლება არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანს კონკრეტულ საქმეზე ჰქონდა ბრალი წარდგენილი და სასამართლომ დაადგინა მისი ბრალეულობა და გამოიტანა განაჩენი, ამ შემთხვევაში მედიამფლობელობა და გარკვეული საქმიანობა, არ შეიძლება იყოს ინდულგენცია. „ნაციონალური მოძრაობის“ მედიას ყოველთვის აქვს ამის მცდელობა, რომ თუ ვინმე (იყო ბევრი გვარი - მედიამფლობელები, მოწილეები, თუ ასე შემდეგ), დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან რაიმე ფორმით, არ შეიძლება მის მიმართ გამოტანილი იყოს განაჩენი. კითხვა ისმება - თუ ამ ადამიანს, არ აქვს კონკრეტულ სახელს და გვარს მნიშვნელობა, ჩადენილი აქვს დანაშაული, რატომ არ უნდა მიუსაჯოს სასამართლომ?! ეს არ არის ცივილიზებული სამყაროს მიდგომა არსად, რომ თუ მედიამფლობელია, ესე იგი უნდა იყოს ინდულგენცია. კი, მივეჩვიეთ იმას, რომ საქართველოში არის რაღაცა რუსული და ევროპაში ეს იგივე ამერიკულია, მაგრამ ყველაფერზე ამ თეზისით ხომ არ ვივლით?! ეს ნახევრად ირონიით და ხუმრობით, მაგრამ რეალურად, არ შეიძლება ინდულგენცია იყოს ჟურნალისტური საქმიანობა, მედიამფლობელობა, ან ნებისმიერი სხვა სფერო. ერთ შემთხვევაში, თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე მსჯელობს სასამართლო, მეორე შემთხვევაში - ჟურნალისტური საქმიანობა ჟურნალისტური საქმიანობაა და მედიამფლობელობაც“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში