ყველამ იცის, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის ორ კონკრეტული ბრალისთვის, ერთი ეხება გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას, რაზეც მისი დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებული აქვს სტრასბურგის სასამართლოსაც, აქ პოლიტპატიმრობაზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ე.წ პოლიტპატიმრებს, საუბარია რამდენადაც ვიცი იმაზე, რომ ენჯეოების განცხადებების მიხედვით, სააკაშვილი და გვარამია ყოფილან პოლიტპატიმრები. მე სააკაშვილთან დაკავშირებით ენჯეოების განცხადებაც არ მომისმენია. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის ორ კონკრეტული ბრალისთვის. ერთი ეხება გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას, რაზეც მისი დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებული აქვს სტრასბურგის სასამართლოსაც. აქ პოლიტპატიმრობაზე საუბარი ზედმეტია. მეორე ეხება ვალერი გელაშვილის წამებას. ესეც დადასტურებულია.
საზოგადოებამ იცის, როგორ იქნა ჩადენილი ეს დანაშაული. გარდა ამისა, მას დაუფიქსირდა უკანონო საზღვრის კვეთა, რის გამოც მის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული. ასევე, საქმე არის აღძრული უმძიმეს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, სადაც მილიონობით ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაზეა საუბარი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, არაობიექტური კრიტიკისგან, სადაც იქნება ობიექტური კრიტიკა, იქ რა თქმა უნდა ამას გავიზიარებთ, სადაც ასეთი არაობიექტური კრიტიკა გვხვდება, აქ გვექნება ჩვენი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, ინიცირებულია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.
„მე ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ზოგადად ამ ფაშისტური კამპანიის წარმოებისგან. დიტო სამხარაძეს აქვს თავისი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობისადმი„, რასაც აქვს კონკრეტული საფუძველი, კონკრეტული მიზეზი და ეს საფუძველი და მიზეზი აბსოლუტურად მესმის. აქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც გამოირჩეოდა თავის დროზე ადამიანების წამებით, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ათიათასობით ბიზნესმენი დაარეკეტა.
ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და მთლიანად მედიასივრცის მონოპოლიზაცია შეძლო თავის დროზე. ახლა ასეთი პოლიტიკური პარტიის მიმართ რომ აქვს დიტო სამხარაძეს ხისტი დამოკიდებულება, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მოვუწოდებ მათ და მათ შორის ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, რომლებიც არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, თავი შეიკავონ ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველამ დაინახა რამხელა ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში წარმოებდა პირველი მოსმენით მიღებული კანონის წინააღმდეგ.
ირაკლი კობახიძს განმარტებით, არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება, რადიკალურ ოპოზიციას ურჩევს, თვითდამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, კონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე.