ყველაფერი შეიცვალა და ვიმედოვნებ, დაინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც - ვანო მერაბიშვილი

16 მარტი 2023, 13:05 802 ნახვა

ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხთან, Freedom TV-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართველი ხალხის საქართველოს მთავრობასთან თანაცხოვრებას“ ორი მიზეზი აქვს – პუტინის შიში და ოპოზიციის პასიურობა.

მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და პარტია მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

„მთავარი არის ის, რომ მათ მართლა ეშინიათ პუტინის, რადგან, სულ მცირე, ყოველ მეხუთე ქართველს უნახავს რუსული ტანკები საკუთარი თვალით 2008 წელს და, რაც ყველაზე ცუდია, ყველამ გაიგო, რომ დასავლეთს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, არ გაუპროტესტებია ეს ქმედება. მეტიც, გახსოვთ, დასავლური საზოგადოებრივი აზრი ხშირად საქართველოს ადანაშაულებდა ამ ომის გამო. ეს ქართელებმა დაინახეს და ამან მათზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ახლა მათ, რა თქმა უნდა, ეშინიათ პუტინის, მე არ ვფიქრობ, რომ მათ უყვართ ივანიშვილი, თუმცა ამჟამად ივანიშვილი მათთვის არის მეხამრიდი პუტინისგან, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ თუ საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება, თუ რუსეთი რეალურად არ დაესხმება თავს, სულ მცირე, იქნება ის, რომ თუ უკრაინას ესვრიან 60 რაკეტას, 10-ს ესვრიან საქართველოს. რა თქმა უნდა, ქართველებს ამის ეშინიათ.

რაც შეეხება ოპოზიციას, საქართველოში არის მხოლოდ ერთი რეალური, სერიოზული ოპოზიციური პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომლის რეიტინგი ორჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგს. ამ პარტიაში ჩატარდა რიგგარეშე შიდა არჩევნები, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ხელმძღვანელობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად იქცეოდა, პრაქტიკულად არ რეაგირებდა არც უკრაინაში ომზე, არაფერზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ადამიანებმა ჩაატარეს რიგგარეშე არჩევნები და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ წააგო ამ არჩევნებში. ჩვენ ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ელექტრონულად დარეგისტრირდა და მოქმედი თავმჯდომარე დამარცხდა ახალგაზრდასთან. ყველაფერი ძალიან შეიცვალა. თუ ბოლო კვირებში უყურებთ ტელევიზორს, მთელ საქართველოში ახლა ტარდება მრავალი აქცია. პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, არათუ არ გაემართათ საპროტესტო აქციები, ზოგჯერ ისინი ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ, მსუბუქად რომ ვთქვათ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ დაინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც. აი ეს ორი მიზეზი დაემთხვა, მთავარი, რა თქმა უნდა, პუტინის შიში და მეორე – ოპოზიციის სისუსტე. სისუსტე არა, მოდით, ვთქვათ, არააქტიურობა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი