„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია დასკვნას აქვეყნებს.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 2022 წლის 22 ნოემბრის მოთხოვნის შესაბამისად, ვენეციის კომისიამ შეაფასა ცვლილებების მიმდინარე პაკეტი, როგორც საქართველოს სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმის განუყოფელი ნაწილი, რომელთან დაკავშირებითაც კომისიამ უკვე გამოსცა ოთხი შეფასება 2019-2022 წლებში.
"შესაბამისად, ამჟამინდელ მოსაზრებაში ეს ცვლილებების პროექტი უკვე შეფასებულია კომისიის წინა რეკომენდაციების ფონზე „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონთან დაკავშირებით.
განსახილველი ცვლილებების პროექტი მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი საკანონმდებლო ზომების ნაწილი, საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის კონტექსტში. ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა საქართველოს „მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომ ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც არის სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში, ასევე უზრუნველყოს ძალაუფლების დანაწილება; კერძოდ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და პროკურატურის უწყების სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა. კერძოდ, უზენაესი სასამართლოსი და აღმოფხვრას, მათ შორის ყველა დონის მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დასახელებისას გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი; განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, - აღნიშნულია დასკვნაში.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად მოქმედი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას.
"მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია კანონზე დაფუძნებული სამართლიანობის აღსრულება მიუკერძოებლად და აღკვეთოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ენდობოდეს სასამართლო ორგანოების კომპეტენციას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ფუნქციონირებისთვის.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ადრე შემუშავებული შემდეგი მთავარი რეკომენდაციები ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების აღმოფხვრა, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას (როგორც ზემოთ იყო განხილული 15 – 23 პუნქტებში); იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა მოსამართლეთა მივლინების ან თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით მათი ნებართვის გარეშე, მივლინების/გადაყვანის უფრო ვიწრო კრიტერიუმების საშუალებით, მივლინება/გადაყვანაზე დროისა და ადგილის შეზღუდვის შემოღებით, მივლინება/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის შემოღებით.
მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურის გადახედვა, უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვროთ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მეტი დროის მიცემითა და შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით; შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით, აზრის გამოხატვასთან. ამასთან, მოსამართლეთა კომენტარებისთვის ადგილის დატოვებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა. იმის უზრუნველყოფა, რომ უზენაესი სასამართლოს მითითებები სავალდებულოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის“, - აღნიშნულია დასკვნაში.
კომისია მიიჩნევს, რომ დებულებების პროექტი, რომელიც არეგულირებს სასამართლოს გადაწყვეტილებებთან წვდომას, დადებითია, თუმცა რეკომენდაციას იძლევა, შემცირდეს და გამარტივდეს ეს პროცესი და უზრუნველყოფილ იქნას წვდომა წინა და მომავალ გადაწყვეტილებებზე.
კომისიას საქართველოს ხელისუფლებიდან აცნობეს, რომ ცვლილებების პროექტი იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი ქვეყანაში სასამართლო რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიის მიმართულებით. მართლაც, წინამდებარე საკანონმდებლო ინიციატივა შეზღუდულია და არ ითვალისწინებს სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ჰოლისტიკურ რეფორმას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინის აუცილებლობა ასევე დასახელდა, როგორც მიზეზი, რომ არ განხორციელებულიყო ცვლილებები, რომლებიც დააკმაყოფილებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. კომისია მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ სურთ, მისი რეკომენდაციების გათვალისწინება და რეკომენდაციას უწევს მათ, გააკეთონ ეს ყოველგვარი გაუმართლებელი შეფერხების გარეშე.
ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ამ საკითხში შემდგომი დახმარებისთვის“, - აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.