მეწყრული პროცესები ხულოში

07 მარტი 2023, 12:08 693 ნახვა

კურორტ გოდერძის მიმართულებით კიდევ ერთი მეწყერი განვითარდა, რამაც ცენტრალური გზა ისევ ჩაკეტა. მიწის მასა ამჯერად სოფელ ბოძაურში ჩამოიშალა. კომპანია სინოჰიდროში განმარტეს, რომ გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო, ჯერ-ჯერობით გადაადგილება აქ აკრძალულია.

რაც შეეხება გუშინდელ მეწყერს სოფელ დიაკონიძეებთან,  გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის  დიაკონიძეების მონაკვეთთან  მეწყერი  გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩამოწვა, რამაც ცენტრალური გზა ჩაკეტა. 

მიწის მასამ მოიყოლა მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოები. მეწყრული კერის შემდგომი გააქტიურებისა და საფრთხის  თავიდან აცილების მიზნით, მოეწყო ალტერნატიული შემოვლითი გზა, რომლითაც მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელია.

ცენტრალურ გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში