იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გაძევებულია, ამჯერადაც ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტების განხილვა ხმაურის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხვა მოლოდინი არც ყოფილა, კომიტეტზე, დეპუტატების პროტესტისა და შეძახილების გამო ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოცხადდა, ანრი ოხანაშვილმა გაფრთხილება მისცა ათამდე დეპუტატს.
დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე კანონმდებელი, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.
"ეს რუსული კანონია", "დასახელება შეგეშალათ," მომხსენებელი იტყუება," - ისმოდა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკები. პარლამენტარებს შენიშვნები ჰქონდათ რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებითაც. ოპოზიცია მმართველი გუნდის წევრებს მონებს უწოდებს, ''ქართული ოცნების'' დეპუტატები კი ოპონენტებს უსამშობლო ადამიანებს.